ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე

07 დეკემბერი 2023, 18:08 1467 ნახვა

ელენე დოლიძე, რომელიც 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, დღეს სასამართლოში ისევ გამოიკითხა. ამჯერად მან ჩვენება ამავე მკვლელობის დაფარვასა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 3 პირის ლუკა ჯიბლაძის, ალექსანდრე ახვლედიანისა და დავით მენაბდის საქმეზე მისცა. მოწმის ინფორმაციით, მეგობრებს შორის შელაპარაკება ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ოჯახში სუფრასთან რამდენჯერმე მოხდა, მიზეზი დავით მენაბდისა და ლუკა ჯიბლაძის მიმართ , მოკლული გიორგი ალხანიშვილის მხრიდან არასასიამოვნო შენიშვნები იყო. მკვლელობის ამ მოტივზე საუბრობს პროკურატურაც. ელენე დოლიძე, რომელიც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის შეყვარებულია, დღესაც ირწმუნებოდა რომ 18 მაისის საღამოს და არც ამ ღამის შემდეგ, არაფერი იცოდა მომხდარი მკვლელობის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, რასაც ასევე მოწმეც ადასტურებს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი სანამ ლონდონში წავიდოდა, შეყვარებულთან ერთად თურქეთში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. იცოდა თუ არა ელენე დოლიძემ მომხდარი მკვლელობის შესახებ,პროკურორის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე არ გამოკვეთილა ისეთი გარემოება, რაც ამის ვარაუდის საფუძველს გააჩენდა. რაც შეეხება ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ტელეფონს, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო, მოწმემ თქვა, რომ თურქეთში გადასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბაჟუნაიშვილმა ტელეფონი დაკარგა. მოწმესთან კითხვები არ ჰქონდათ ადვოკატებს. სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. მოწმის სახით დღეს ასევე გამოიკითხნენ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე სამართალდამცავებიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში