აღმოსავლეთ პარტნიორობა გვაძლევს მექანიზმს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის. შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს - ილია დარჩიაშვილი

11 დეკემბერი 2023, 19:06 429 ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში იყოს აქტიურად ჩართული მომავალშიც, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი გვაძლევს მექანიზმებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ და ავაჩქაროთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

დარჩიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე საქართველოს მთავარი გზავნილი იქნება, რომ მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.

„მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, რათა გავაძლიეროთ და ავაჩქაროთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. კოლეგებთანაც გზავნილი იქნება მთავარი, რომ საქართველო ინტერესით ელოდება მომავალში ამ პლატფორმის ფარგლებში მუშაობას. ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით დაკავშირებადობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. გარდა იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვახდენთ ჩვენი ქვეყნის ასოცირებას და ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში, ასევე ფიზიკურადაც ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა საქართველო ფიზიკურად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ასევე, არის უამრავი პროექტი, მათ შორის შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომლითაც ჩვენ ფიზიკურად უნდა დავუახლოვდეთ ევროკავშირის ოჯახს. შესაბამისად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი ერთ-ერთი იქნება, სადაც ფიზიკურად ჩვენი ინტეგრაციისთვის საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე ვისაუბრებთ. ესეც ერთ-ერთი გზავნილი იქნება, რომელიც ჩვენ დღეს გვექნება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯოზეფ ბორელი, ასევე პარტნიორი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, მათი ლიდერები აქტიურად საუბრობენ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებსა და შედეგებზე.

„ეს არის ჩვენთვის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ გავაგრძელოთ მომავალში რეფორმები, რადგან ეს არის გარდაუვალი პროცესი, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ კავშირშია განგრძობად რეფორმებთან, შესაბამისად, ის, რომ დღეს არავინ არ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს ამ რეფორმების მიმართულებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. შესაბამისად, ეს გვაძლევს ახალ ძალას, ახალ იმპულსს, რომ ის სამოქმედო გეგმები, რომლებიც დასახა საქართველოს ხელისუფლებამ, გაგრძელდეს. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღება. მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მექანიზმმა ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა და მადლიერი ვართ პოლონეთის და შვედეთის ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის. ვფიქრობთ, რომ მომავალშიც ჩვენ ფიზიკურად გავაგრძელებთ, ვიყოთ აქტიური მონაწილეები და ვისაუბროთ ამ პროექტის ფარგლებში ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ფიზიკურად დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთი ცალსახად უჭერს მხარს.

„ჩვენ მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების, მათი ძალიან მკაფიო გზავნილებისთვის, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია და ეს ნამდვილად ასე იქნება, რომ უნგრეთი უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას. რაც შეეხება ევროკავშირი-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ალბათ მე არ ვისურვებდი, გამეკეთებინა კომენტარი. ეს არის უნგრეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოინახება გამოსავალი, რათა ქვეყნებმა მიიღონ დამსახურების შესაბამისად ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ევროინტეგრაციას გააძლიერებს მომავალში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში