ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - პრემიერი

12 დეკემბერი 2023, 14:35 530 ნახვა

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთმა მინისტრმა მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბევრმა, არაერთმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და ჩვენს მინისტრს, ბატონ გიორგის აქვს ძალიან კარგი ხედვა, კარგად გააზრებული. ჩვენ ძალიან აქტიურად, მჭიდროდ ვმუშაობთ ამ საკითხების გადაწყვეტაზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი განათლება. ეს რჩება ჯერ კიდევ დღეს მთავარ გამოწვევად ხარისხიანი განათლება და ამაზე მიუთითებს ყველა ის კვლევა. ზოგადად, კარგად ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთო, ეს იქნება ჩვენი ღირსეული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ამ საკითხის მნიშვნელობა და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე და მხარდაჭერა გაგრძელდება. ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მასწავლებელთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, რომელიც სრულად ახალ ხედვას ეფუძნება და ამის თაობაზე ბატონი მინისტრი თავად წარმოგიდგენთ ძალიან მალე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მასწავლებელთა მხარდაჭერა და ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლება გაგრძელდება.

„გაგრძელდება მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება, ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლების. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დახვეწაზე. მინდა, აღვნიშნო მზარდ ბიუჯეტზე. 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს ბიუჯეტი იყო ორი მილიარდ 77 მილიონი ლარი და 2024 წელს იქნება ორი მილიარდ 508 მილიონი, 300-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ – მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. შედარებისთვის გეტყვით, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, 330 ლარი იყო ჩვენი მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება. წელს, უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის 1200 ლარამდე დაახლოებით. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ მასწავლებლის ხელფასი. საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი, ზოგ შემთხვევაში – 600, 700 და 800 ლარითაც კი. 1700-1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი, მაშინ როდესაც 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი. ეს შედარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში საზოგადოებას რეფორმის ძირითადი მიმართულებები და საკვანძო საკითხები გააცნო.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში