გრძელდება სახელმწიფო დაფინანსებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უგამოცდოდ ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში - თეა ახვლედიანი

12 დეკემბერი 2023, 21:14 627 ნახვა

სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ასევე, გრძელდება, სახელმწიფო დაფინანსებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უგამოცდოდ ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმაში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წელს ამ შესაძლებლობით 235-მა სტუდენტმა ისარგებლა.

„ამასთან, აფხაზეთის რეგიონიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში დამატებით ექვსი ახალგაზრდა ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხა, ხოლო ოთხი ახალგაზრდა ცხინვალის რეგიონიდან, 1+4 პროგრამის საფუძველზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული სკოლისშემდგომი მოსამზადებელი პროგრამისა და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიმართულებით. ამასთან, ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების ინტერესები, საჭიროებები და სასწავლო პროცესში ინტეგრაციის დინამიკა. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი პროგრამებისა და სერვისების გამარტივებული, სტატუს-ნეიტრალური გზით გამოყენების შესაძლებლობების თაობაზე ინფორმაციის ერთი ფანჯრის პრინციპით შეთავაზებას ემსახურება ერთიანი საინფორმაციო პორტალი. მისი შემუშავების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პორტალი მომხმარებელზე მორგებული, მარტივი და ვფიქრობ, საინტერესო სახელმძღვანელოა, რომელიც, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში