ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება - ირაკლი კობახიძე

15 დეკემბერი 2023, 13:46 488 ნახვა

ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ, წინ გასავლელია გზა, რათა ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ყოველ ჯერზე წინ წაიწიოს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით.

"უახლოეს პერიოდში შესასრულებელია ცხრა პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის და საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი სირთულე და ხალხიც იდგა სერიოზული სირთულეების, გამოწვევების წინაშე, თუმცა ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ მიგვეღო სტატუსი. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა პრემიერს, მთავრობას, კოლეგებს, პარლამენტარებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს სტატუსი მიგვეღო. მადლობა ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირი ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, რომ დღეს ჩვენ გვეზეიმა. მადლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. აშშ-ის ელჩს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ამ ქვეყნების წინსვლა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. მოხარული ვართ, რომ გაიხსნა მოლაპარაკებები როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის. ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. იმედი გვაქვს, უკრაინა და მოლდოვა ასევე გახდებიან მალე ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში