ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს - პრემიერი

15 დეკემბერი 2023, 18:10 468 ნახვა

გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მომენტს, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ - ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მისივე ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.

"მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. დიდი პატივია ჩემთვის დღეს, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. ჩემო მეგობრებო, გილოცავთ, ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. მინდა, გითხრათ, რომ ეს გზა რა თქმა უნდა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად, კიდევ ვიმეორებ და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში