ბათუმის კაპიტალურ პროექტებში 2012 წლამდე 485 მლნ ლარი დაიხარჯა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბოლო 11 წელიწადში დაიხარჯა 14 მლრდ ლარზე მეტი - პრემიერი

18 დეკემბერი 2023, 15:05 814 ნახვა

ბათუმის კაპიტალურ პროექტებში 2012 წლამდე 485 მლნ ლარი დაიხარჯა 8 წელიწადში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხარჯა 14 მილიარდ ლარზე მეტი. 12 მილიარდ ლარზე მეტი კერძო ინვესტიცია განხორციელდა ბათუმში ბოლო 11 წელიწადში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად ავითარებს კურორტებს.

„ტურიზმის განვითარება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხის განვითარებასთან. ამ მიმართულებით ჩვენს ძალისხმევაზე მხოლოდ ეს მაგალითებიც მეტყველებს: ბათუმის კაპიტალურ პროექტებში 2012 წლამდე 485 მლნ ლარი დაიხარჯა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხარჯა 14 მლრდ ლარზე მეტი – ორ მილიარდამდე ლარი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები და კერძო ინვესტიციებია, 12 მლრდ ლარზე მეტი განხორციელდა ბათუმში, ბოლო 11 წელიწადში. რა თქმა უნდა ვავითარებთ კურორტებს, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს აბასთუმნის უნიკალური კურორტის მოწყობაზე, სადაც დასრულებულია 20-მდე ისტორიული სახლის, ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო გზის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2025 წელს გაიხსნება აბასთუმნის უნიკალური კურორტი. აქ სასტუმროები შენდება აქტიურად, დაახლოებით 16 სასტუმრო ვითარდება და თექვსმეტივე მზად უნდა იყოს სტუმრების მისაღებად 2025 წელს. ბოლო ათ წელიწადში 1 436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით. შეიქმნა ახალი 85 000-მდე საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში და ამ სექტორში ჯამური ინვესტიცია, სულ მცირე, ორი მილიარდი ლარია.

 

ბუნებრივია, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობის განვითარებას. მეგაშოუები, რომლებიც გაიმართა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ გაგრძელდება 2024 წელს. ბევრ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს და არა მხოლოდ – ტურისტებს, ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოვლენ და ამ კონცერტებს დაესწრებიან. ეს დამატებითი რეკლამაა ჩვენი ქვეყნის, დამატებითი მიზიდულობაა ჩვენი ტურისტების, ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, 2013-2022 წლებში აჭარაში საშუალოდ წლიურად 307 ათას კვ.მ შენობების მშენებლობა დასრულდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს.

"2013-2022 წლებში აჭარაში საშუალოდ წლიურად 307 ათას კვ.მ შენობების მშენებლობა დასრულდა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელს. მაშინ იყო 90 ათასი კვ.მ. დღეს არის 300 000.

ამასთან, 2013-2022 წლებში საშუალოდ 1,4 მლნ. კვ.მ ფართობის საცხოვრებელი შენობები იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, რაც 4.5-ჯერ აღემატება 2012 წლამდე საშუალო მაჩვენებელს. 0.3 მლნ. კვ. მ. იყო მაშინ. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია მინიმუმ. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში