წელს, 10 თვის მონაცემებით, ოლიმპიურ და არა ოლიმპიურ სპორტულ სახეობებში ქართველმა სპორტსმენებმა 1 330 მედალი მოიპოვეს, მადლობა ჩვენს საამაყო სპორტსმენებს - ირაკლი ღარიბაშვილი

18 დეკემბერი 2023, 20:37 668 ნახვა

სიამაყით მინდა ვთქვა და მადლობა ვუთხრა ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, წელს 10 თვის მონაცემებით ოლიმპიურ და არა ოლიმპიურ სპორტულ სახეობებში ქართველმა სპორტსმენებმა 1330 მედალი მოიპოვეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს მასობრივი მაღალი მიღწევის და სპორტის პოპულარიზაციისთვის გამოიყო 182 მილიონი ლარი, შარშანდელზე 30 მილიონი ლარით მეტი.

„რა თქმა უნდა, მინდა შევეხო მიღწევებს და გამორჩეული სპორტულ მოვლენებს. წელს მასობრივი მაღალი მიღწევის და სპორტის პოპულარიზაციისთვის გამოიყო 182 მილიონი ლარი, შარშანდელზე 30 მილიონი ლარით მეტი.

გაიზარდა სპორტული ორგანიზაციების დაფინანსება.მინდა ასევე ვთქვა სიამაყით და მადლობა ვუთხრა ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომ წელს უკვე 10 თვის მონაცემებით ოლიმპიურ და არა ოლიმპიურ სპორტულ სახეობებში ქართველმა სპორტსმენებმა 1330 მედალი მოიპოვეს და მადლობა კიდევ ერთხელ მათ, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს.

შარშან, 2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში მოიპოვეს 964 მედალი, შარშან ქართველი ქალი სპორტსმენების ანგარიშზე იყო ასამდე მედალი, წელს კი ანალოგიური შედეგი მათ პირველ რვა თვეში გაიმეორეს.

წელს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები გაიმართა საქართველოში, 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მასპინძლობისთვის (რუმინეთთან ერთად) სათანადოდ მომზადებული დახვდა საქართველო, 11 საფეხბურთო მოედანი აშენდა ან ძველ მოედნებს ჩაუტარდა საფუძვლიანი რეაბილიტაცია, ფინალურ მატჩს კი ბათუმის შესანიშნავმა სტადიონმა უმასპინძლა.

წელს ბაკურიანში, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩატარდა სათხილამურო ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატი. ვფიქრობ, ესეც იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის, ბაკურიანმა უმასპინძლა 42 ქვეყნის 700-ამდე სპორტსმენს. ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად სახელმწიფომ 300 მილიონ ლარამდე დახარჯა. აშენდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის - სამი ახალი საბაგირო; დიდველი-კოხტა-მიტარბის არეალში დამონტაჟდა 30-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა; მოეწყო ექვსი ახალი სასრიალო გზა და აშ..

ასევე მინდა ვთქვა, წელს გადაწყდა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წლის მარტში თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის იქცა ახალ აღმოსაჩენ ადგილად.

რა თქმა უნდა, ჩვენი საამაყო სპორტსმენები ემზადებიან პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება პარიზში. დღეისთვის ჩვენს სპორტსმენებს მოპოვებული აქვთ ოფიციალურად 4 ლიცენზია, გარდა ამისა ფაქტობრივად გარანტირებული გვაქვს კიდევ 11 ლიცენზია და უნდა ვახსენოთ ასევე პარიზში 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გასამართი პარაოლიმპიური თამაშები. ქართველი სპორტსმენები ამ ასპარეზობის ლიცენზიებისთვისაც იბრძვიან და დღეისთვის ლიცენზია მოპოვებული აქვს 10 პარა სპორტსმენს. იზრდება რა თქმა უნდა ეროვნული ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საკვანძო-საექიმო პერსონალის და ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიები. პროგრამას იანვრიდან ეყოლება 1200-მდე ბენეფიციარი, ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა 50 პროცენტით.

რაც შეეხება ახალგაზრდული ბანაკების განვითარებას- მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდული სააგენტო გადავიდა განათლების სამინისტროში და განათლების მინისტრს უკვე აქვს ახალი იდეები და ხედვა, კიდევ უფრო როგორ განავითაროს ახალგაზრდული პოლიტიკა და უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ახალგაზრდული ბანაკების განვითარებას და ზოგადად, ჩვენს ახალგაზრდობას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში