რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ძალაუფლება დაიბრუნონ არჩევნებით ან ქუჩით - კობახიძე

22 დეკემბერი 2023, 15:33 543 ნახვა

რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ძალაუფლება დაიბრუნონ არჩევნებით ან ქუჩით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის მცდელობა წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.

„დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია, ზოგადად, ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იმავე სცენარის განვითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მათ სხვა გზა, სხვა არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება, ან ქუჩით. საბოლოო ჯამში, არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, მცდელობა იქნება, თუმცა განწირულია ფიასკოსთვის, წარუმატებლობისთვის.

 

რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, დანარჩენი ვნახოთ. როგორც წინა შემთხვევაში, ვერცერთხელ მოახერხეს ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც არსებითად ვითარების არევა ქვეყანაში, ასე გააგრძელებენ მომავალშიც. არავითარი რესურსი არ აქვთ, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა და რევოლუცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია აქვთ ოთხ მუნიციპალიტეტში შექმნილი.

მისივე თქმით, ისინი ფიქრობენ, მათი გამიჯვნა ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს წაადგება, რაც ღიმილის მომგვრელია.

„ფიქრობენ, თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან პიარული კუთხით, წაადგება ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს, რაც ღიმილის მომგვრელია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ორ პარტიას შექმნილი აქვს კოალიცია ოთხ მუნიციპალიტეტში, ამას ხედავს საზოგადოება. რომელი პიარული ტრიუკებით უნდა გადაფარონ ეს. მათ აქვთ კოალიცია, პირდაპირ ალიანსი შექმნილი ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ პირობებში, პიარული ტრიუკებით მათი ალიანსი ვერ გადაიფარება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, შეიძლება, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში