პროკურატურამ „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

05 იანვარი 2024, 15:35 534 ნახვა

პროკურატურამ „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში