საქართველოში დაბალ ინფლაციას, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია და მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

09 იანვარი 2024, 16:15 458 ნახვა

2023 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბალ ინფლაციას, ერთის მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი, როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.

“დეკემბერსა და იანვარში წითელ ზღვაში არსებულმა დაძაბულობამ საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ფაქტს ჯერჯერობით საქონლის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტრანსპორტირების ფასების შემდგომი ცვლილება წითელ ზღვაში მიმდინარე კონფლიქტის ხანგძლივობასა და ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული.

დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათის 3.1%-ით გაიაფება, რამაც ინფლაცია 1.0 პპ-ით შეამცირა. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურის, კარტოფილის და იმერული ყველის გაიაფება, რამაც დეკემბერში ინფლაცია ჯამურად 1.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ძროხის ხორცის გაძვირებამ კი ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამდენითვე გაზარდა ინფლაცია საბანკო მომსახურების გაძვირებამ. დეკემბერში ბენზინის ფასმა თვიურად ოდნავ იკლო, თუმცა გასული წლის დეკემბრის ფასს 9.7%-ით გადააჭარბა და ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს 1.9% შეადგინა.” – აცხდებენ სებ-ში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება გრძელდება, რაც მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე (ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ) საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.

„ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია დეკემბერში 3.6%-მდე შემცირდა. სურსათის ფასების წლიური შემცირება შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასების ინფლაციის შემცირებაზეც აისახება. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია მცირდება (-0.2%) და ამის მიზეზი პირველ რიგში საწვავის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია. შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას წლიურად გაძვირებული მომსახურება (6.6%) განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 3.6 პპ-ია, შესაბამისად, მომსახურების გამოკლებით ადგილობრივი ინფლაცია ნულის ტოლია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი საბანკო მომსახურების გაძვირებას აქვს“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში