დანიის ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი სტატია გამიზნული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტებმა უარყოფით კონტექსტში გამოიყენეს - საგარეო უწყება

11 იანვარი 2024, 19:46 479 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩი სამინისტროში გამოიძახეს და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 10 იანვარს დანიურ გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხევედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანნე ტოფტ სორენსენთან. ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ გამოცემაში Jyllandsposten გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებსა და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში