შალვა პაპუაშვილი ტიუბინგენისა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების პროფესორებს შეხვდა

11 იანვარი 2024, 21:09 799 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორს, ბერნდ ჰაინრიხს და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორს, მარტინ ჰეგერს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში სისხლის სამართლის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„შალვა პაპუაშვილი ბერნდ ჰაინრიხს და მარტინ ჰეგერს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე და საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. სტუმრებმა პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს და ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი მოინახულეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანელ სტუმრებს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ.

ბერნდ ჰაინრიხი და მარტინ ჰეგერი მრავალი წელია თანამშრომლობენ თსუ-სთან და ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოში, კერძოდ: 2006 წლიდან არიან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გაცვლითი სემინარის თანაორგანიზატორები; ჰუმბოლდტისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებში ქართველი დოქტორანტების ხელმძღვანელები და მრავალი ქართველი მოწვეული მეცნიერის მასპინძლები; საქართველოში მრავალი კონფერენციისა და შეხვედრის მონაწილეები. ამასთანავე, გერმანელი პროფესორები არიან გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGStZ) თანადამფუძნებლები და საქართველოში განხორციელებული მრავალი საზაფხულო სკოლისა თუ პროექტის ხელმძღვანელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში