ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით - კობახიძე

15 იანვარი 2024, 13:47 471 ნახვა

ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, ასევე მინისტრის მოადგილეს, ასევე შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესოა საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ბუნებრივია, ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩინეთში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში