გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

17 იანვარი 2024, 19:07 461 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯების, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბაკურ აბულაძის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, დღევანდელი შეხვედრა კი ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

რიჩარდ ნეფიუმ, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანტიკორუფციული ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გააცნო და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში