გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2023 წელს რეგულირების ობიექტების 5466 ინსპექტირება განახორციელეს

26 იანვარი 2024, 15:45 670 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებული საწარმოების) 5466 ინსპექტირება განახორციელეს.

უწყების ინფორმაციით, განხორციელდა 414 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.

„მათ შორის, 121 - გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება; 3 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 13 - სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 7 - სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 20 - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდენტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან ნიმუშების აღება/შემოწმება და 282 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება.

 

284 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობები გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად; მათ შორის, 24 რეგულირების ობიექტს ადმინისტრაციული მიწერილობა, დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე საქმიანობის შეზღუდვის (სრული ან ნაწილობრივი) მოთხოვნით წარედგინა," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების მთავარი შედეგი გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და საქმიანობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში