ჩვენი გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი ფაქტორია შიდა დემოკრატია, რომლის გამოვლინებაა როტაციული პრინციპი, საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა - ღარიბაშვილი

29 იანვარი 2024, 17:25 493 ნახვა

"ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში, ყველაზე მეტხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებისას აღნიშნა.

ღარიბაშვილის თქმით, გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.

„მით უმეტეს, ახლა როცა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოზე განიხილეს შესაძლებლობაც, რომ ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყო პრემიერად, მაგრამ თანამდებობის დატოვება არჩია.

"ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობაც,  თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში