ჩვენი მიზანია, მომავალ კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს - პაპუაშვილი

31 იანვარი 2024, 11:58 447 ნახვა

ხვალინდელი პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. რა თქმა უნდა, ასევე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, მომავალი კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს.

"ხვალ მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის. რაც შეეხება ორგანიზაციულ საკითხებს, ამას პარტიის პრესცენტრიდან გაიგებთ. ხვალ არის პოლიტსაბჭო, პოლიტსაბჭოს შემდეგ იქნება ყრილობა და ყველა საკითხი, რომელიც ამ დღეებში ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, იქ იქნება ოფიციალურად გარკვეული.

 

რაც შეეხება ახალი მთავრობის დამტკიცებას და სამთავრობო პროგრამის, მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოზე მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა-დამტკიცება, პროცედურა გადმოინაცვლებს პარლამენტში, სადაც ფრაქცია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ჩვენი მიზანია, მომავალი კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსკენ სრულად გვყავდეს დამტკიცებული მთავრობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში