შემოდგომაზე, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ქვეყნის სწორი განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

01 თებერვალი 2024, 14:43 442 ნახვა

2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს, კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში.

"დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას. შემოდგომაზე არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს, ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. საქართველო დღეს კვლავ დიდი გამოწვევების დგას, კვლავ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად დავამარცხეთ. ვიდრე ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე მინდა, ვთქვა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. იგივე ხალხთან, იმავე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს – დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. არჩევანი ძალზედ ნათელია - „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ უდიდესი ნდობისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მზად ვარ, როგორც პარტიის რიგითმა წევრმა, ასევე ჩვენი ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცმა მთელი ძალისხმევა მოვახმარო ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ქართველი ხალხის, ქვეყნის მსახურებას და მორიგ დიდ გამარჯვებას, რომელიც ყველას ერთად გველოდება 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში