ბრალდებულმა დავით მენაბდემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა-ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

02 თებერვალი 2024, 15:12 683 ნახვა

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, რომელშიც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ორი ბიძა და მამა ფიგურირებენ, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა. დავით მენაბდე, რომელიც ამავე მკვლელობის საქმეში მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით არის ბრალდებული, დღეს დისტანციური წესით უნდა დაკითხულ იყო. როგორც წინა სხდომაზე ოქროს მოწმემ დაადასტურა, სასტიკი მკვლელობის თვითმხილველები არიან დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე. ჯერჯერობით უცნობია მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს ლუკა ჯიბლაძე. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ დავით მენაბდის ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ბრალდებულ გიორგი ბაჟუნაიშვილის მხრიდან შიში იყოს, რადგან პროკურორის განცხადებით, გიორგი ბაჟუნაიშვილი სწორედ მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლის მუხლით არის დაკავებული. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატების ინფორმაციით, მომდევნო სხდომაზე ბრალდებულები გიორგი და დავით ბაჟუნაიშვილები,ასევე მღვდელი იობი ბაჟუნაშვილი მისცემენ სასამართლოს ჩვენებას. გამოძიება გიორგი ბაჟუნაიშვილს თვითმხილველ მოწმეებზე ზეწოლას, ხოლო დავით და გელა ბაჟუნაიშვილებს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სასულიერო პირს გირაო აქვს შეფარდებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში