იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერის განცხადებები, რომ ახალი მთავრობა მზადაა განხორციელოს 9 ნაბიჯი - პაველ ჰერჩინსკი

02 თებერვალი 2024, 17:12 539 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს ყველა მთავრობასთან და ყველა პრემიერ-მინისტრთან სამუშაოდ მზადაა. ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. 

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინასთან.

„რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან" - აღნიშნა ელჩმა.

 

პაველ ჰერჩინსკის თქმით, იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან დამტკიცდება, მზადაა 9 ნაბიჯის განხორციელებისთვის.

„ჩვენ ყველა ვზეიმობთ იმას, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა დაამტკიცეს 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ამ 9 ნაბიჯის შესრულება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საქართველო შემდგომ ეტაპზე წელსვე გადავიდეს" - განაცხადა ელჩმა. 

 

მისივე თქმით, შემდგომი ეტაპი არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს არაა ევროკავშირის, ბრიუსელის ხელში - ეს არის საქართველოს პოლიტიკური ელიტის ხელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში