სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გვექნება ექიმებისგან დასტური, რომ გადაყვანა რეკომენდებულია - ბრეგაძე

05 თებერვალი 2024, 17:39 483 ნახვა

სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გვექნება ექიმებისგან დასტური, რომ გადაყვანა რეკომენდებულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ექიმების ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ჩემი მოსაზრება არ არის, ექიმების შეფასებაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და თითოეულ ჩვენგანს უხარია. მოწადინებული ვართ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ამჟამადაც ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. რაც შეეხება გადაყვანის საკითხს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გვექნება დასტური ექიმებისგან, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა რეკომენდებულია. ხშირად გვაქვს ექიმებთან კომუნიკაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, შესაბამისად, ვმოქმედებთ მკაცრად კანონის ფარგლებში. იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე, ამავდროულად, ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვაზე. ჩვენ აღვასრულებთ სასჯელს, ამავდროულად, ვიცავთ ყველა პატიმრის უფლებას. არაერთხელ გვქონია საუბარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიმოქმედებთ შეგრძნებების თუ პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე. არსებობს მკაცრად გაწერილი სამართლებრივი ნორმები, რომლებსაც  განუხრელად ვიცავთ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში