მადლობა პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის, მთავრობის მეთაურის თანამდებობა დიდი პასუხისმგებლობაა და სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

08 თებერვალი 2024, 23:03 561 ნახვა

პირველ რიგში მადლობას გადავუხდი პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება. 

"ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება. თან არის თვისობრივად განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო საქმიანობის. არის დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ახლო მომავალში მყისიერად გადავალთ სამუშაო რეჟიმზე. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყებია მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადაჭრაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად საქართველოს მთავრობის წინაშე დგას“, - განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ პარლამენტში პროცესები დღეს მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა აღნიშნა, რომ დისკუსიის ხარისხი ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ იყო და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური კულტურა სამომავლოდ მეტად განვითარდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში განახორციელებს. ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება.

"პრინციპში, უკვე დაგეგმილია, 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს. უკვე არის გაწერილი დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდსება ბრიუსელში“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის  შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში