წარვადგინე ახალი მინისტრი, ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც თავდაცვისუნარიანობას უკავშირდება - ირაკლი კობახიძე

09 თებერვალი 2024, 16:31 572 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა.

"მადლობა გადავუხადე ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და წარვადგინე თავდაცვის ახალი მინისტრი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ბუნებრივია, გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება თავდაცვის უნარიანობის განვითარებას, სამინისტროს რესურსების გაძლიერებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემი პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რანგში სწორედ თავდაცვის სამინისტროში შედგა, თავდაცვის ძალების, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს.

„მას შემდეგ, რაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა. გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. დეტალურად განვიხილავთ ასოცირების დღის წესრიგის საკითხებს, მათ შორის განვიხილავთ ცხრა პუნქტის შესრულების გეგმას, ყველა თემაზე გვექნება საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის. აქეთკენ იქნება მიმართული მთავრობის საქმიანობა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში