ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე კორუფციასთან ბრძოლის ნიშნით, რა თქმა უნდა, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს - წულუკიანი

12 თებერვალი 2024, 12:29 490 ნახვა

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლო წლებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო, ასევე, შემუშავდა არაერთი მექანიზმი, რათა ქვეყანაში კორუფციის რისკები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო.

მისივე თქმით, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს და კორუფციის რისკებთან ბრძოლა უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს.

"ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა რისკებზე, ასეთი რისკები ნებისმიერ დროს არსებობს და ყველა მთავრობის, ხელისუფლების ვალია, იმუშაოს ამ რისკების პრევენციაზე, რათა რისკები არ მატერიალიზდეს. თავის დროზე, როდესაც იუსტიციის მინისტრის რანგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა უწყებათაშორის სამუშაოს ვუძღვებოდი, მახსოვს, ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის რისკები ყოფილიყო მაქსიმალურად დაზღვეული. ასევე, ბოლო წლებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპისა და მსოფლიო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ნიშნით, ყველა რეიტინგი ამას ადასტურებს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს, რისკებთან ბრძოლა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს და აქ  ვერ იქნება ვერანაირი განსხვავებული აზრი ამ თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღებისას, იქნება ეს ინსტიტუციური ცვლილება, თუ მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების ჩართულობა და რაც მთავარია, საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

"განკარგულებები სხვადასხვა დროს, როგორც მე მახსენდება, 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდებოდა. ხანდახან ვერ იყო ხელმისაწვდომი. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მთავრობა და ადმინისტრაცია მიიღებს ყველა ზომას, რათა განუხრელად იყოს დაცული გამოქვეყნების პროცედურა, ასევე, სახვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

 

როდესაც რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მაგალითისთვის, მაშსტაბურ და მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას ან სხვა ინსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც მოითხოვს დარგის სხვადასხვა სპეციალისტის, ექსპერტის ან წარმომადგენლის აზრის მოსმენას, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველა გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ახსნილი და შეძლებისდაგვარად ყველას მიერ სათანადოდ და ზედმიწევნით გაგებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობამ შეძლო საქართველოს პარლამენტთან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებთან ერთად შეენარჩუნებინა ქვეყანაში  მშვიდობა და სტაბილურობა. ირაკლი კობახიძეს კი წარმატებები უსურვა და კვლავ გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, ბატონ ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რომელიც მაშინ ქვეყანაში სუფევდა, „ქართული ოცნების“ ფარგლებში ერთად ვიბრძოდით. რა თქმა უნდა, ამდენი წლის მანძილზე თანამებრძოლად მოვიაზრებდით ერთმანეთს და მადლობას ვუხდი მას კვლავ გამოცხადებული ნდობისათვის“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში