აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი სალომე ზურაბიშვილის მილოცვას ავრცელებს

12 თებერვალი 2024, 17:31 456 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ილჰამ ალიევისადმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა დღეს გაავრცელა.

"თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, მინდა, მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს თქვენს დაუღალავ მცდელობებში, რომელიც მიმართულია თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისკენ.

მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ძმურ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ. ეს უდავოდ გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლს რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობაში.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს უღრმეს პატივისცემას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

საქართველოს მთავრობის წევრებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილს მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით 9 თებერვალს მიულოცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში