NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში - ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2024, 17:46 494 ნახვა

NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციების საკითხებზე გვიწევს საუბარი. საქართველო ალიანსის უახლოესი და ერთგული პარტნიორია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება.

 

NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. ჩვენი მხრივ, არ დაგვიშურებია ძალისხმევა, დავდგეთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ღირებულებებზე, განვახორციელოთ ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წავწიოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა.

 

ჩვენ ამჟამად გვაქვს შემაშფოთებელი პერიოდები ევროპის უსაფრთხოებისთვის. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ევროპაში თავისუფლებისა და მშვიდობის პრინციპი საფრთხეშია. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთიანობის, წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ერთგულება ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ არის ძალიან მეგობრული განწყობა, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის.

"გვქონდა სხვადასხვა თემაზე საუბარი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, რაც დაკავშირებულია ჩვენს მისწრაფებებთან საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირთან, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან. ყველა თემას შევეხეთ. იყო საუბარი ასევე უსაფრთხოებაზე ჩვენს რეგიონში, გლობალურად, ევროპის კონტინენტზე და ასე შემდეგ. ყველა თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან საქმიანი, საინტერესო საუბარი. ძალიან მეგობრული განწყობა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში