ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა - "ხალხის ძალა"

26 თებერვალი 2024, 10:15 461 ნახვა

ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ამ ყველაფრის ფონზე, არა მხოლოდ ამერიკელებისა და ჩინელების მიდგომების შედარებით უნდა დავკავდეთ, არამედ ღიად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტ-პროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული.

„5 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბრძანებაში ნათქვამია, რომ „გენდერი“ სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს. შესაბამისად, ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, რათა გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები”.

სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას დროში უცნაურად დაემთხვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. „დედის რძე“ ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორიც ქალი დედის რძე. სამსახურმა პირველად გამოიყენა ტერმინი „მკერდით კვება” „ძუძუთი კვების“ ნაცვლად, რადგან ის უფრო ინკლუზიურად მიიჩნია. სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივა ბრიტანეთის სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას მიიღებს.

ამ მოვლენებს ასევე დროში დაემთხვა ესპანეთის ქალაქ ტორევიეხაში გამართული ე.წ. პრაიდი, სადაც პირველად ისტორიაში, 10 წლამდე ბავშვებს ხელში ლგბტ დროშები დააკავებინეს და ისინი აღლუმზე პრაიდის მონაწილეთათვის დამახასიათებელი გამომწვევი ტანსაცმლით გაატარეს. საინტერესოა, რომ ტოროვიეხას ესპანეთში ქვეყნის „არაოფიციალურ გეი-დედაქალაქს“ უწოდებენ.

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ლგბტ-პროპაგანდა საერთაშორისო მასშტაბით ძალას იკრებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. თუმცა, ზემოთ ნახსენები სამი მოვლენა მაინც განსაკუთრებით საგანგაშოა და საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. ყველაზე მძიმე ისაა, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული. ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის დემონსტრაციული ჩართვა უკვე ყველა კითხვის ნიშანს ხნის იმის შესახებ, თუ საიდან და ვის მიერ იმართება ეს პროცესები.

დღეს ამერიკაში მშობლებს უკვე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი არ ჩაუწერონ. თუმცა, თუ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ნებაყოფლობითია, სახელმწიფო მდივნის ბრძანების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აიკრძალება. უკეთეს შემთხვევაში, ადამიანს სქესის არჩევის შესაძლებლობა შეიძლება დარჩეს. პროცესები, რომლებიც ტრადიციისამებრ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს ხოლმე სათავეს და ევროპაში პოვებს გაგრძელებას, აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, რომელსაც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები განეკუთვნებიან.

ამ ფონზე, ჩვენთვის კიდევ უფრო გასაგები ხდება ის ისტერია, რომელიც ქართველმა ფსევდოლიბერალებმა პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთისა და ამერიკის ელჩებთან გამართული შეხვედრების ქრონოლოგიის შესახებ შემოგვთავაზეს. მათი ლოგიკა პრიმიტიულია – პირველი შეხვედრის აბსოლუტური პრივილეგიით ამერიკის ელჩი უნდა სარგებლობდეს.

ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა ფსევდოლიბერალების ლოგიკით არ იმოქმედა, ჩვენთვის მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ საკმარისი ესეც არაა და დისკუსია ამაზე ღრმად უნდა გავშალოთ. კერძოდ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა ამის საპირისპირო დასკვნის გამოტანის საშუალებას უფრო იძლევა.

წლების მანძილზე, თვალში ნაცარს ვიყრიდით და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებდით სახელმწიფოს, რომელთანაც დღემდე არც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ფრენები და არც უვიზო მიმოსვლა; საიდანაც, უკვე 30 წელია, ინვესტიციები თითქმის არ შემოდის; რომელიც უკვე არაერთი წელია მისალოც წერილებსაც კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დონეზე გვიგზავნის; რომელმაც ქართულ ეკონომიკაში ფული მხოლოდ 2009 წელს ჩაასხა, როცა ერთიანი ნაციონალური აგენტოკრატია ჰქონდა გადასარჩენი; რომლის ე.წ. დახმარების 90 პროცენტი იმ ენჯეოებზე და, ფიქტიური ენჯეოების გავლით, პარტიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის, აგენტოკრატიის აღდგენისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობით არიან დაკავებული.

ამერიკელების მიერ ქართული პოლიტიკის დაფინანსებამ უკვე იმდენად უხეში ფორმები მიიღო, რომ ისინი დაფინანსების, პრაქტიკულად, პირდაპირ ფორმებსაც კი აღარ ერიდებიან. ამის მაგალითები უამრავია: ხოშტარია, ჯაფარიძე, მეზვრიშვილი, უსუფაშვილი, ჩერგოლეიშვილი, ბესელია, წერეთელი, დოლიძე, ბუაძე, ვაშაძე და ა.შ.

სამწუხაროდ, 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დღემდე ლიტონ სიტყვებად რჩება, ამ სიტყვების უკან კი, მხოლოდ შიშველი ამერიკული ინტერესები მოჩანს, რაც, კაცმა რომ თქვას, ჩვენთვის სრულიად გასაგებია. ამერიკა არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომ ვინმეს უანგაროდ დაეხმაროს და საქართველოში ფული ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ან რაღაც ამდაგვარში დახარჯოს. ამერიკული ფულით ამერიკული ინტერესების გატარება თავისთავად საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, ამერიკისა და საქართველოს ინტერესები ზოგად დონეზე მაინც რომ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამერიკული ინტერესები ჩვენს ეროვნული ინტერესებს პრინციპულად არის აცდენილი.

ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა. ამ ყველაფრის ფონზე, არა მხოლოდ ამერიკელებისა და ჩინელების მიდგომების შედარებით უნდა დავკავდეთ, არამედ ღიად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტ-პროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული.

მთავარია, ხალხი აღიჭურვოს სიმართლით მიმდინარე პროცესების შესახებ, რადგან სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული ფასეულობების ეფექტიანად დაცვა მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია“,- აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში