ჩვენი მიდგომაა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იყოს პატიმრების დიდი რაოდენობა და სხვა ქვეყნებთან შედარებითაც გვქონდეს შესაბამისი სტატისტიკა - პაპუაშვილი

28 თებერვალი 2024, 13:21 433 ნახვა

ჩვენი მიდგომა არის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იყოს დიდი რაოდენობა პატიმრებისა, პრემიერ-მინისტრმაც თავის გამოსვლაში ამას ხაზი გაუსვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ პირობებში პატიმართა რაოდენობა შემცირდა.

"როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, დახვდა დაახლოებით 24 000 თუ 25 000 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დღეს ეს რიცხვი ჩამოსულია დაახლოებით 9000-მდე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება, რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა აქ მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის პოზიცია. ასეთი მიდგომაა საჭირო და ერთი ხელის მოსმით რაღაც პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს ეს. ზოგადად, ყველა კანონპროექტთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ჩვენი მიზანიც არის, რომ ჩვენ ამ მხრივ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ვიყოთ შესაბამისი სტატისტიკის მქონე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ტყუილია, თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს „ვეტინგის სისტემის“ ჩატარებას.

"სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას. ამის თაობაზე მქონდა მე დღეს განცხადება. საქართველო რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით. ნახეთ ნებისმიერი ანგარიში. სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით კორუფციის დონე როგორია ალბანეთში, ან უკრაინაში ან მოლდოვაში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვადასხვა სტრუქტურებში. ნახეთ როგორია ფინანსების გამჭვირვალობა ამ ქვეყნებში, მათ შორის „ვეტინგი“ ძირითად შეეხება ქონების გადამოწმებას. ჩვენთან ქონების გადამოწმება ხდება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დეკლარაციების მეშვეობით, მათ შორის მოსამართლეებიც ავსებენ ამ დეკლარაციას. დღესაც მონიტორინგში მოხვედრილი არიან იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი და 26 მოსამართლე, რომლებიც ამ წელს გაივლიან მონიტორინგს, დაექვემდებარება მათი შემოსავალი მონიტორინგს ისევე, როგორც ისინი შარშანაც იყვნენ მონიტორინგის ქვეშ. წლების განმავლობაში მიდიოდა კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ, მათ შორის ამ კამპანიისთვის გამოიყენებოდა ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დონორების ფინანსები ხმარდებოდა ქართული მართლმსაჯულების ძირის გამომთხრელ საქმიანობას.

"სამწუხაროდ, დონორების ფულის ნაწილს ზოგიერთი „ენჯეო“ ხარჯავდა ქართული მართლმსაჯულებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. ყველა საქმეში, რომელსაც ასახელებდნენ პოლიტიკური მართლმსაჯულებისა თუ კორუფციის მაგალითად, გამართლდა ქართული მართლმსაჯულება და გამტყუნდა ყველა ის „ენჯეო“ თუ უცხოელი აქტორი, რომელიც აბრალებდა ქართველ მოსამართლეებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ესაა „რუსთავი 2“-ის საქმე, მელიას საქმე, ახალაიას საქმე, სააკაშვილის საქმე - ყველა ამ საქმეზე წლების განმავლობაში მიდიოდა კამპანია. „რუსთავი 2“-ის საქმეზე 5 წელი მიდიოდა „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით შავი პიარი სასამართლოს წინააღმდეგ. მოსამართლეებს პირდაპირ თავს ესხმოდნენ როგორც მოპასუხე ნიკა გვარამია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. 5 წლის თავზე სტრასბურგამდე მივიდა ეს საქმე და სტრასბურგმა თქვა, რომ ნიკა გვარამია ცდილობდა მედიის გამოყენებით ზეგავლენა მოეხდინა და ჩარეულიყო მართლმსაჯულებაში და ეს იყო მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული კამპანია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში