ზურაბ აზარაშვილმა ბევრი პოზიტიური საქმე გააკეთა, მაგრამ, ბოლო პერიოდში, კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ - მამუკა მდინარაძე 

02 მარტი 2024, 16:50 520 ნახვა

გარკვეული სხვაობები როცა არის ხედვებში, მიდგომებში, რატომ არის პრემიერ-მინისტრი ვალდებული, რომ აუცილებლად გააგრძელოს მუშაობა რომელიმე მინისტრთან? ეს, პირველ რიგში, გამოიკვეთა ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ უერთდება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

„ირაკლი ღარიბაშვილის მადლობას ვუერთდები, რადგან ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე გააკეთა, მაგრამ, ბოლო პერიოდში კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო და იყო მართლაც განსხვავებები, მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ამის შესაბამისად, მიღებულ იქნა ეს ერთობლივი გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის კომუნიკაციის შედეგად და მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. მაინცდამაინც მოხსნას ნუ დავარქმევთ.

 

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ერთი კვირის წინ იყო დასანგრევი თუ არა, ასე პრიმიტიულად არ ვუდგებით ჩვენ სახელმწიფოებრივ საკითხებს. საერთო მიდგომა იყო, რომ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა აშენდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით, აქ განსხვავება არ იყო, არც პრემიერ-მინისტრს, არც ზურაბ აზარაშვილს, არც მე, რომელიც ჩართული ვიყავი, ამაზე განსხვავება არ გვქონია. როგორ უნდა მომხდარიყო ეს, ახლავე დანგრეულიყო და ეს ადამიანები გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, თუ ჯერ აშენებულიყო ახალი და შემდეგ დანგრეულიყო, ამაზე იყო, მხოლოდ, აზრთა სხვადასხვაობა. ბოლოს, არგუმენტების ჭიდილში გაიმარჯვა გადაწყვეტილებამ, რაც ბოლოს მიიღო პრემიერ-მინისტრმა, რომ აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, გადავიდეს ეს პერსონალი მთლიანად და შემდეგ მოხდეს დემონტაჟი. ამ შემთხვევაში საინვესტიციო პირობაც კი, გაცილებით უკეთესი და მომგებიანია სახელმწიფოსთვის და ამას თვითონ გვთავაზობდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები. უბრალოდ, ამას უნდოდა ხშირი კომუნიკაცია, რაც სამწუხაროდ, არ იყო იმ ინტენსივობით, როგორც საჭირო იყო და ეს დაგვანახა პროცესმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში