ეკონომიკურთან ერთად, ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას - პრემიერი

05 მარტი 2024, 11:25 420 ნახვა

ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი, ქართველების კულტურის და იდენტობის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არის ტურიზმის და ავიაცია. ყველას კარგვად მოგეხსნებათ, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. ეკონომიკურთან ერთად, ტურიზმის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც ენიჭება. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი, ქართველების კულტურის და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სტუმრის ღირსეული დახვედრა და გამასპინძლება ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იყო“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, გასული წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა.

„კოვიდით“ განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ოთხ მილიარდ დოლარამდე შეადგინა, რითიც საქართველომ „კოვიდამდე“ არსებულ მაჩვენებელს 26%-ით გადააჭარბა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა ოთხჯერ გაიზარდა, 28 ათასამდე 48 ათასამდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, სამჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად.

"საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენ ქვეყანაში. ასევე, ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს აქამდე კეთდებოდა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასევე დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში