ვიზრუნებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებს - ამილახვარი 

05 მარტი 2024, 14:35 683 ნახვა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.

განათლების მინისტრმა ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ახალგაზრდული სფერო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალი წლების განმავლობაში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ეფექტიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა გატარდება.

"ახალი ინიციატივების განხორციელებით ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა თაობა, რომელიც თანამედროვე სამყაროში არსებულ კონკურენტულ გარემოში შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას. ჩვენი მიზანია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. მრავალფეროვანი, საინტერესო პროექტების განხორციელებით მოვიცავთ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას და, პარალელურად, შევთავაზებთ ახალგაზრდებს პირად ინტერესებზე მორგებულ თემატურ ღონისძიებებს – შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, შემოქმედებით აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ, ახალგაზრდების დასაქმების გაუმჯობესების მიზნით ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, 2024 წელს სამინისტრო ახალგაზრდებს შესთავაზებს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.

მინისტრის განცხადებით, ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებასა და STEM კონკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების პარალელურად, ფესტივალის თითოეული მიმართულება დატვირთული იქნება გასართობი აქტივობებით – ახალგაზრდებისთვის ჩატარდება მასშტაბური კონცერტები და მოეწყობა მრავალფეროვანი მუსიკალური საღამოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი, საკლუბო სივრცის ცნობილი არტისტები.

ამასთან, გიორგი ამილახვარმა სტუდენტთა ინიციატივების მხარდაჭერასა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ თემატურ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, რომელიც საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდისთვის, მათი საინტერესო, შემოქმედებითი იდეების თუ პროექტების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა იქნება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალგაზრდებისთვის ბანაკების სერვისის ხელმისაწვდომობაზე და განაცხადა, რომ განახლებული პროგრამით, წელს სამინისტრო ორგანიზებას გაუწევს ანაკლიის საზაფხულო და თემატურ ბანაკებს სხვადასხვა ლოკაციაზე, რომლებიც უმასპინძლებენ 4 000-მდე მონაწილეს. ამასთან, ამილახვარის თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებში კიდევ უფრო გააღვივებს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებას, ხელს შეუწყობს ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯარის იდეის პოპულარიზაციას.

რაც შეეხება ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის განხორციელებას საჯარო სტრუქტურებში. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, შეიძინონ პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ხედვის პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა ასევე განსაკუთრებით გამოყო სტუდენტური კლუბების გაძლიერებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობის ხელშეწყობის საკითხები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში