პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

19 მარტი 2024, 18:28 473 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო დაძლია.

სხდომაზე კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა. შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 წინააღმდეგი იყო.

ამის შემდგომ სხდომაზე კენჭი ეყარა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თავდაპირველ რედაქციას.  78 მომხრე 13 წინააღმდეგი - კანონპროექტი პირველადი რედაქცია დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა კი, ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო.

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული.

გარდა ამისა, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება - კერძოდ, პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება.

თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შესძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში