განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო

21 მარტი 2024, 19:26 839 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

განათლების სამინიტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, სტუდენტები.

უწყების ცნობით, თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ის პრინციპები, რომლებსაც დოკუმენტი ეფუძნება და მოსწავლეებში ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბების კუთხით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სწორად განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინისტრის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტთან დაკავშირებით მიღებული უკუკავშირების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებისას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საჯარო განხილვის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირები, სპეციალურად შექმნილი ფოკუსჯგუფების მიერ დამუშავდება, გაანალიზდება და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების პროცესში იქნება გათვალისწინებული. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალმა პროექტმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან მოწონება დაიმსახურა“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციით.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს ინიციატივით, ახალი დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართულობის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საჯარო განხილვის შედეგად მიღებული უკუკავშირების გაანალიზების შემდეგ შემუშავდება საბოლოო ვერსია, რის შემდეგაც, დოკუმენტის დამტკიცების მიზნით, უკვე დაიწყება სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურები.

განათლების სამინისტროს ცნობით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ზოგადი განათლების ერთგვარი კონსტიტუციაა, 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში