საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შექმნას ძლიერი საქართველო, ევროპული ოჯახის ქვეყანა - ილია დარჩიაშვილი

22 მარტი 2024, 18:31 401 ნახვა

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შექმნას ძლიერი საქართველო, ევროპული ოჯახის ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში  დასკვნითი სიტყვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ემიგრანტები ქართული საზოგადოების ყველაზე ღირსეული ნაწილია.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო უმაღლესი ტრიბუნით და როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, განსაკუთრებული პატივისცემა, სითბო გამოვხატო ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დროებით ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ხელისუფლების ხედვაა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი არიან.

თუ არ ვცდები, უახლოეს ორ თვეში „მინისტრის საათის“ ფორმატში ვიქნები პარლამენტში და მეტს ვისაუბრებთ, რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დასაცავად, მათი ყოფის შესამსუბუქებლად. რას აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას შესაძლებლობები ამ ქვეყანაში, რათა ისინი დაბრუნდნენ. ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათთან ერთად შევქმნათ ძლიერი საქართველო, ძლიერი ევროპული ოჯახის ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ხედვა.

მიუხედავად ბევრი ტყუილისა, რომელიც მოვისმინეთ ოპონენტების მხრიდან, დღევანდელი დღე მაინც ინფორმატიული იყო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა, ვთხოვო მათ, მაქსიმალურად შეეცადონ საკონსულო აღრიცხვას. ეს თუ ვერ მოხერხდა, გაწერილია შესაბამისი პროცედურები. მათ რეგისტრაცია შეუძლიათ არჩევნებამდე 19 დღით ადრე, რათა გამოხატონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და უმნიშვნელოვანეს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის აუცილებელი პროცედურა, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თავისი კონსტიტუციური უფლება გამოხატოს. თითოეული ქართველი დიპლომატი მზად არის და მოწოდებულია, ძალიან ახლოს, მჭიდროდ იმუშაოს თქვენთან, მოგაწოდოთ ინფორმაცია, ხელი შეგიწყოთ. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვა არ უკავშირდება მხოლოდ საარჩევნო უფლებას. ეს არის ჩვენთვის ინფორმაცია, რათა უზრუნველვყოთ თქვენი დაცვა და ყველა საჭირო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება თუ სერვისების მოწოდება, რომელიც გჭირდებათ ადგილზე, ჩვენი ქვეყნისგან მოშორებით“, – მიმართა დარჩიაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში