საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, გაუქმდეს

23 მარტი 2024, 11:58 457 ნახვა

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, შესაძლოა, გაუქმდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას გეგმავს.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი ნორმით, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა საკრებულოებს უფლებამოსილებების დროული და ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას მისცემს და შეუფერხებელ, ორგანიზებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

„არსებული რეგულაციიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა, რაც თავის მხრივ, აფერხებს საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და შესაბამისად, მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას. ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის შესაძლებლობა გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში