"ქართული ოცნება" ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი 2024, 11:24 521 ნახვა

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებებში მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ინიცირდება 2 კონსტიტუციური კანონი. მამუკა მდინარაძემ კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.

„რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს, სულ ინიცირდება 2 კონსტიტუციური კანონი. პირველი, ეს შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ჩვენ ქორწინების დეფინიცია განვსაზღვრეთ 2017 წელს, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და კაცის კავშირს. ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელსაც ჰქვია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონი“ - განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა „საქართველოს კონსტიტუციური კანონის ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მუხლები დეტალურად განმარტა.

მუხლი 1.
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.


2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.


3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.


4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.


5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.


6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.


7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.


8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, შვილად აყვანა მხოლოდ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს ან ჰეტეროსექსუალ პირებს შეეძლებათ.

 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში