ოპოზიციაში რაც მეტი ორპროცენტიანი და სამპროცენტიანი პარტია იქნება, მით უკეთესი, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში - პრემიერი

29 მარტი 2024, 15:26 502 ნახვა

ოპოზიციაში რაც მეტი ორპროცენტიანი და სამპროცენტიანი პარტია იქნება, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, რომლებიც ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში და პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას გამოთქვამენ, მათ ვერანაირი შანსი ვერ ექნებათ.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობის“ მაჩვენებელი არის 15 პროცენტს ქვემოთ  და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მით უკეთესი.

 

რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, თითოეული მათგანი ოფიციალურად მხილებულია დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, მათ ვერანაირი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში და რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ კონკრეტულ ადამიანებს წარმატების ვერანაირ შანსს ვერ მისცემს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა. 

"ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა ნიკა გვარამიამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია თავიდან ვერ აირიდებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, რომ შეხვდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და არც იმის მორალური უფლება აქვს, რომ არჩევნებზე ისაუბროს.

მისივე განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში