ამომრჩეველს ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევს „ქართულ ოცნებასა“ და ანტიეროვნულ, მტრულ ძალებს შორის - ირაკლი ღარიბაშვილი

31 მარტი 2024, 14:06 424 ნახვა

ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ არჩევნებზე უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, უკვე, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს.

„დღეს მე მქონდა შეხვედრა იმერეთის პარტიის აქტივთან, ძალიან მაგარი განწყობაა, ვისაუბრეთ ბევრ აქტუალურ თემაზე, რომლებზეც ახლა მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ არჩევნებზე უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად. არცერთი საბაბი არ უნდა დავუტოვოთ ჩვენს დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას, ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს და ჩვენ უნდა ავიღოთ ძლიერი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რისი ყველა პირობაც დღეს უკვე არსებობს.

 

ძალიან მაგარი საბრძოლო განწყობაა მთელს იმერეთში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენი ამოცანა იქნება, მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს აქტივს და 26 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა იზეიმოს ძალიან ძლიერი ისტორიული გამარჯვება.

 

დღეს, ქვეყანაში გარკვეულია ყველაფერი, ქართველ ამომრჩეველს ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევთ - ერთი ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეორე კი ანტიეროვნული მტრული ძალები, რომელსაც ერთი სახელი ჰქვია - „ნაციონალური მოძრაობა“. სხვა არჩევანი არ არსებობს დღეს ქვეყანაში. იგივე მელიას თუ გვარამიას გაერთიანება, ან „ლელო“-„ნაცების“გაერთიანება არის, ისევ, ერთი ბოროტი მტრული ძალის ნაწილები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის ლიდერებთან ერთად, იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში