არ დავუშვებთ ვინმეს ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში - ირაკლი ღარიბაშვილი

31 მარტი 2024, 14:10 528 ნახვა

დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი სასამართლო, ეს არის ქართული სასამართლო და ჩვენ არ დავუშვებთ ვინმეს ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე, არ დადგება ის დრო, როცა სასამართლოს მომართავენ გარე ძალები. ესეც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და მითუმეტეს ვიღაც აგენტების ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს.

 

გადახედეთ რეიტინგებს. ყველა რეიტინგების მიხედვით. ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელს ევროპაში. ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის, ვართ პირველ ადგილზე კანონის უზენაესობის მიხედვით.

 

ეს კამპანია, ვეტინგთან დაკავშირებით, არის შეურაცხმყოფელი კამპანია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამას არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება. ჯერ მათი კეთილსინდისიერება გამოვიკვლიოთ კარგად. კარგად გავარკვიოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ საერთოდ ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე საუბარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში