„ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებული მასალა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა გამოიყენეს ნეგატიური პიარისთვის, არადა თეთრმა სახლმაც თქვა, რომ ეჭვები არ არსებობს - მდინარაძე

02 აპრილი 2024, 13:42 370 ნახვა

გუშინ გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა გამოიყენეს ნეგატიური პიარისთვის, არადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გუშინვე თქვა, რომ მსგავსი ეჭვები არ არსებობს, გამოძიებაც კი არ დააწყებინეს თავად ამერიკელებმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აღნიშნულ თემაზე საუბარი, ბოროტებაა, რადგან თავის დროზე გამოძიებაც კი არ დაწყებულა.

„შემთხვევითი ვერანაირად ვერ იქნება ის ამბავი, რომ წარსულში ამერიკის საელჩოში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მომუშავე ადამიანი გახდა ინტერესის ობიექტი და გუშინ რაღაც ჟურნალისტური გამოძიებებიც დაგვეწია, რომ დიპლომატის მეუღლეს წამლავდნენ რუსები საქართველოში. შიდა ნეგატიური პიარისთვის გამოიყენეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა ეს ამბავია, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაცია მოეხდინათ. ბოლო პერიოდში თუ რამე კვლევა და შეფასება გავრცელდა ქართულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ არის, ყველა სიტყვა არის საქებარი და აღიარება. ყველა სიტყვა არის უსაფრთხოების გარანტად წარმოჩენა.

 

უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მსოფლიოში პირველების რიგში საქართველო და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურები. ქართული სპეცსამსახურები უზრუნველყოფენ, რომ პირველების რიგში ვიყოთ მსოფლიოში. რაღაც ხომ სჭირდებოდათ და მაინცდამაინც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ვინც იყო, ამ ადამიანთან დაკავშირებით გამოაგდეს რაღაც. შემოვიდა გარედან ინფორმაცია და კაციშვილმა არ გადაამოწმა არც პროკურატურაში, არც ამერიკის საელჩოში. ელემენტარულად, ეჭვიც რომ ყოფილიყო ცოტა სერიოზული, გამოძიება ხომ დაიწყებოდა. კაცმა არ იკითხა გამოძიება დაიწყო თუ არა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამაც კი თქვა გუშინ, რომ მსგავსი ეჭვები არ არსებობს.

მისივე შეფასებით, მოსამართლეებს იმ დამოკიდებულებაში, რომ მათ საქმიანობაში არავინ უნდა ჩაერიოს, ცალსახად ეთანხმება.

"შეუძლებელია სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო და არ გაიზიარო ის პათოსი, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ შენი ქვეყნის შიდა ინსტიტუტების საქმიანობაში არავინ უნდა ჩარიო. ეს არის ეროვნული თავმოყვარეობის ამბავი. რისი ვეტინგი და რისი ჩარევები?! ამაზე ჩვენ ჩვენი პასუხები კიდევ გვექნება.

ჩემი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვეტინგის თემას ვხურავ - შენ კიდევ მეუბნები, რომ არ უნდა დავხურო ეს თემა და ადგილი აქვს ზედმეტ ზეწოლას. რატომ ხდება ეს ზეწოლა, რატომ გვეუბნებიან  არ დახუროთ ეს თემაო?! ამაზე ჩვენ ჩვენი მკაცრი რეაქციები გვექნება და ნურავის ნუ გაგიკვირდებათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში