ერთი წელი ჰქონდათ, გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს, ეს არ გააკეთეს, ამიტომ ხალხს აქვს უფლება, საკითხი კანონმდებლობით დაარეგულიროს - პაპუაშვილი

11 აპრილი 2024, 15:54 388 ნახვა

უპირველეს ყოვლისა, რაც არ პასუხობს დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის ფულის ფარული ხარჯვა სხვა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი, მე პირადად ერთი წელი გავატარე იმაში, რომ დონორები და დიპლომატიური წარმომადგენლები დამერწმუნებინა, როდესაც ფული იხარჯება მათი მხრიდან საქართველოში, ეს ფული იყოს გამჭვირვალე ჩვენი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება უცხოური დაფინანსებები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთი წელი ჰქონდათ დრო, რომ შესაბამის პირებს გაესაჯაროებინათ, რაში იხარჯებოდა უცხოური ფული, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.

„ეს ფული არის ფარული. შემდგომ შემთხვევით ირკვევა, რომ თანხა მიდის პარტიების სალაროებში, რადიკალურ ჯგუფებში. ამიტომ ახლა კითხვები უნდა მიემართებოდეს არა საქართველოს და მისი ხალხის მიმართ, არამედ ქართველ ხალხს გვაქვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით, რატომ მალავენ ამ დაფინანსებას? ყველაზე კარგად თავად იციან, რომ ეს დაფინანსებები არის დამალული...

 

რაც შეეხება საკითხის გადაწყვეტას, ადრეც ვთქვი, რომ არის ასეთი ძველი რომაული გამონათქვამი, ის, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს საკუთარი თავი იუპიტერი ჰგონია და ქართველი ხალხი – ხარი. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა საკითხების მიმართ, როდესაც, ერთი მხრივ, ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი მოქმედებს სპეცსამსახურების მეთოდებით საქართველოში და იატაკქვეშა ღონისძიებების სახით აფინანსებს პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს. კანონმდებელია ვალდებული, რომ ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე გახადოს ეს ყველაფერი. გვესმის გარკვეული წუხილები და კრიტიკა. ერთი წელი ჰქონდათ დრო, რომ გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში. არ გააკეთეს ეს თვითონ, ამიტომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, რომ კანონმდებლობით დაარეგულიროს საკითხი და მიიღოს ინფორმაცია, რაში იხარჯება ეს ფული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, რაც არ შეეფერება ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ფულის ფარული ხარჯვა სხვა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი.

„პირადად მე ერთი წელი გავატარე იმაში, რომ დონორები და დიპლომატები დამერწმუნებინა იმაში, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ფული იხარჯება მათი ბიუჯეტიდან საქართველოში, ეს ფული იყოს გამჭვირვალე ჩვენი მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, მათი დარწმუნება ვერ შევძელი, ეს დაფინანსება არის ფარული და შემთხვევით ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პარტიების სალაროებში, რადიკალურ ჯგუფებთან. ასე რომ, კითხვები უნდა მოემართებოდეს არა საქართველოს და მისი ხალხის მიმართ, არამედ პირიქით, ქართველ ხალხს აქვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით, რატომ მალავენ ამ დაფინანსებას"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში