მოვუწოდებ დონორებს და უცხოელ აქტორებს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი, 5 წუთი სჭირდება იმას, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გაასაჯაროონ - პაპუაშვილი

12 აპრილი 2024, 14:27 425 ნახვა

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია უცხოელი აქტორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ორი კვირაა, რაც მიდის ამ საკითხების ირგვლივ მსჯელობა. პაპუაშვილის თქმით, მათი წუხილები თუ რეალურია, რა უშლით მათ ხელს, გაასაჯაროონ „დემოკრატიის ეროვნული ფონდისა“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ (EED) პროექტები საქართველოში.

"გვესმის წუხილები უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების მხრიდან, არადა ამ ორი კვირის განმავლობაში, თუკი ისინი გულწრფელი არიან თავის წუხილებში, რა უშლიდათ მათ ხელს, გაესაჯაროებინათ დემოკრატიის ეროვნული ფონდის NED-ის და ევროპის დემოკრატიის ფონდის EED-ის პროექტები საქართველოში. გამჭვირვალობა მათთვის თუკი მთავარი პრინციპია და ისინი არ უარყოფენ ამის საჭიროებას, ნაცვლად ამ ლაპარაკისა და წუხილებისა, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, გაესაჯაროებინათ და ეჩვენებინათ ქართველი ხალხისთვის, რომ არაფერი აქვთ დასამალი.

ხუთი წუთის საქმეა, რომ ეს პროექტების სია დადონ ნებისმიერ ვებგვერდზე, მაგრამ სამწუხაროდ, ხედავთ, რომ ნაცვლად იმისა, უცხოელმა აქტორებმა და დონორებმა ახლა მაინც აჩვენონ გამჭვირვალობის მზაობა, კვლავ ხედავთ გაღმა შემოდავების პრინციპით, ლოზუნგებით ზუსტად იმავე სტილში, როგორშიც, სამწუხაროდ, ცალკეული ჯგუფები მონაწილეობენ ამ დისკუსიაში – ლოზუნგებით და მხოლოდ წუხილების გამოთქმას და არა შინაარსობრივ მსჯელობას.

ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს, თუკი ისინი გულწრფელები არიან საკუთარი გამჭვირვალობის პოზიციაში, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი ქართველი ხალხის მიმართ, ხუთი წუთი სჭირდება, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროვდეს. 2022 წელი, 2023 წელი, მიმდინარე პროექტები, არაფერი მათ ამაში ხელს არ უშლით. ახლა ბურთი მათ მოედანზეა, რომ დაანახონ ქართველ ხალხს, რომ ისინი გულწრფელი არიან თავის დამოკიდებულებაში ხალხის მიმართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში