გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება, ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს მომავალშიც დავუჭერთ მხარს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი 2024, 15:42 478 ნახვა

გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება. ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს გზას მომავალშიც დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოში ბევრი რეფორმა ტარდება.

"მოხარული ვართ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს, ვგულისხმობ სასამართლოს რეფორმას , საპარლამენტო კონტროლის დარგში რეფორმებს და ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად, სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება, ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა შოლცმა.

ოლაფ შოლცმა ერთობლივი განცხადებებისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც ისაუბრა.

"ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი არ შეცვლილა. ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და

პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოაგოდების მიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია საქართველოს აქტიური პარტნიორი იქნება, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მეტ წარმატებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შეასრულოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ამისთვის საჭიროა.

„რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. არის იმის ძალიან გრძელი ჩამონათვალი, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. თქვენ იცით ეს კრიტერიუმები. ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები, საკითხები, რომლებიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება, ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს. საქართველო უნდა მიჰყვეს ევროპის, ევროკავშირის მასშტაბებს. აქვე შედის ინსტიტუციონალური, სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მეტ წარმატებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შეასრულოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ამისთვის საჭიროა“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, როგორც შოლცმა აღნიშნა, მოხარულია, რომ საქართველო და გერმანია ერთად გმობენ რუსეთის აგრესიას და იცავენ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში