მზად ვარ, ჩავერთო დისკუსიაში და პირადად დავუჯდე დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ კანონის რიგით ოპონენტებს, მყარია ჩვენი პოზიციები - ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2024, 19:15 417 ნახვა

ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სურვილი ვისაც ექნება, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო. იქნებიან ესენი დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ რიგითი ოპონენტები ამ კანონის, ვინც გამოდის მაგალითად, აქციაზე, გამომდინარე იქედან, რომ აქვს თავისი ინფორმაცია და საკუთარი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით. პირადად მეც ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე – რადგან მარტივად, ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში პირდაპირ იყვნენ გარეული კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამე გააყალბეს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, ასეთი ნეგატიური სცენარები. ეს არის ჩვენი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რათა ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი უბრალოდ, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად, „პივიტი“ ან სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში