სალომე ზურაბიშვილმა უღალატა პოლიციას - ირაკლი ღარიბაშვილი გრიგორიადისის შეწყალებაზე

13 აპრილი 2024, 14:06 385 ნახვა

რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილებას, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი - ეს განცხადება, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მიერ, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პოლიციის მიმართ დანაშაულში თანამონაწილე უწოდა.

„ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. აი, რა უნდა ვუწოდოთ ახლა ასეთ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი! ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი ერთ-ერთი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა. ამ პიროვნებამ როგორ ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ და როგორ სასწაულებრივად გადარჩა ჩვენი გმირი პოლიციელი.

 

ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა, რომ მე ვესროლე „მოლოტოვის კოქტეილიო“ და ამის შემდეგ ეს რადიკალი ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ პრეზიდენტმა. ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის, რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, საკუთარ ამომრჩეველზე აღარ მაქვს საუბარი - ის, რომ მან ბოლომდე უღალატა არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, არამედ ჩვენს პარტიას, ხალხს და ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას. მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას. დარჩენილია რამდენიმე თვე მისი პრეზიდენტობის, როგორ უნდა შეძლოს მან ამ საქმიანობის განხორციელება, ჩემთვის წარმოუდგენელია.

 

ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში, ეს არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ. იგი არის თანამონაწილე. ამ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს!

 

სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი. რამდენიმე თვეში იგი აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერება როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელის შემწყალებელი და ამ დიდი დანაშაულის თანამონაწილე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, დოკუმენტზე, ჯერ, ხელი არ მოუწერია.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე, სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში