პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

15 აპრილი 2024, 10:02 414 ნახვა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, მოქალაქეებს კი კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. 

ოპოზიციის წევრები პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების და ონლაინ მედიის წარმომადგენლების დაშვებასაც ითხოვენ.

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. 

"გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.  ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

კანონპროექტის  დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანო 17 მაისს გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში