კანონპროექტის მთავარი მიზანია გამჭვირვალობის გაუმჯობესება - შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს 

16 აპრილი 2024, 14:25 386 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს, მიქაელ ოფლაერტის 11 აპრილის წერილს პასუხობს, რომელშიც ოფლაერტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი მიქაელ ოფლაერტისადმი საპასუხო წერილში წერს, კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს.

„მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. წერილში რამდენიმე არგუმენტი წარმოადგინეთ თქვენი წუხილის გამოსახატავად. ამ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, რაც ევროპის საბჭოს და ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. კანონპროექტის ამ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან გამომდინარე, ნება მომეცით, ვუპასუხო თქვენს რამდენიმე მოსაზრებას, რათა თქვენ სრულად იყოთ ინფორმირებული კანონპროექტის შესახებ. საერთო ჯამში, კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს; იგი სათანადოდ ნათელი და განჭვრეტადია; ის არ ზღუდავს შეკრების თავისუფლებას; და ის პროპორციულია თავის ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით, მიზნად ისახავს რა უცხოურ გავლენებთან გამკლავებას პროპორციული გზით და ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.

 

ჩვენ სათანადოდ შევისწავლეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნულმა სასამართლო პრაქტიკამ კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი სურვილი, რომ კანონით გათვალისწინებული ყოფილიყო ერთადერთი ვალდებულება ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსების სახით (თუ მათი უცხოური დაფინანსება მათი შემოსავლის 20%-ზე მეტია). მსგავს საქმიანობას ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია ნებაყოფლობით უკვე აკეთებს თავიანთი ვებ-გვერდების საშუალებით“, – წერს პაპუაშვილი.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი ერთადერთ ვალდებულებად დაფინანსების წლიური დეკლარირებას აწესებს.

„პატივცემულო კომისარო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ციტირებისას თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შეიძლება, იყოს ლეგიტიმური მიზანი. ჩვენ, ასევე, ვთანხმდებით, რომ ჩარევა უნდა იყოს დასახული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული. ამიტომაც, კანონპროექტი ერთადერთ ვალდებულებად დაფინანსების წლიური დეკლარირებას აწესებს. წარდგენილი კანონმდებლობა არ კრძალავს რაიმე სახის საქმიანობას, ის არ და ვერ დაისახავს მიზნად სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. სანაცვლოდ, ის ითვალისწინებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს, რომლებიც ეხება მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსების მქონე არაკომერციულ ორგანიზაციებს (NPOs). ეს კანონი არ ვრცელდება არც ფიზიკურ პირებზე, არც სპორტის ფედერაციებზე, არც სტუდენტებზე, არც მეცნიერებზე, არც ემიგრანტებზე, არც ინდივიდუალურ მეწარმეებზე, არც კომერციულ სუბიექტებზე.

 

ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა გამჭვირვალობისა და ლობიზმის შესახებ თუნდაც ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ ან ევროკავშირის მსგავს კანონებთან თუ კანონპროექტებთან შედარებით. მსოფლიო მასშტაბით არც ერთ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს გამჭვირვალობის ამაზე უფრო მცირე ვალდებულება. თქვენ, ასევე, აღნიშნეთ შეზღუდვებში დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა. ძირითადი რისკები უკავშირდება გაუმჭვირვალე და უკანონო უცხოურ დაფინანსებას, შესაბამისად, როგორც სხვა მსგავსი უცხოური კანონმდებლობის შემთხვევაში, რეგულირების სფეროს ბუნებრივად უცხო ძალა წარმოადგენს. სტიგმატიზაციის საკითხი, ასევე, გადაწყდა „უცხოური აგენტის“ „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლებით. იგი ჰგავს ევროკავშირის ფორმულირებას, რომელსაც ევროკომისია თავის კანონპროექტში (COM[2023] 637) იყენებს: „ორგანიზაცია, რომელიც მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობას ატარებს“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიდან თქვენი ციტატა ადასტურებს საქართველოს კანონპროექტის მიზანს. კანონი არანაირი ფორმით არ ზღუდავს არაკომერციულ ორგანიზაციებს ე.წ. საზოგადოებრივი ვოჩდოგი ორგანიზაციების როლის შესრულებაში.

 

საქართველოში ისინი, მართლაც, თავისუფლები არიან და ამ კანონის მიღების შემდეგაც თავისუფლები იქნებიან. მათ თავისუფლად შეეძლებათ „მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან“. ასევე, მათი დაფინანსების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც არ იქნება შემოღებული რაიმე სახის შეზღუდვა. განვმეორდები, არაკომერციული ორგანიზაციების ერთადერთი ვალდებულება ფინანსური დეკლარაციის ყოველწლიური წარდგენა იქნება. პატივცემულო კომისარო,თქვენ სწორად ახსენეთ არაკომერციული ორგანიზაციების ან სხვა სუბიექტების საქმიანობის ლეგიტიმური შეზღუდვების შესაძლებლობა, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრთა კომიტეტი. მათ შორის, ერთ-ერთ ასეთ სივრცედ აღნიშნულია კანონების გავრცელება „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაზე“. ნამდვილად, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში მეტი გამჭვირვალობის მიღწევა წარმოდგენილი კანონმდებლობის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა“,- აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო უკვე ათწლეულებია, არის უცხოური ინტერვენციის და პოლიტიკით მანიპულაციის მსხვერპლი.

მისივე თქმით, გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმაზე შეთანხმება და იმის გააზრება, რომ ქართული და უცხოური ორგანიზაციები პროაქტიულად გაასაჯაროებდნენ ინფორმაციას თავიანთ დაფინანსებაზე.

„ საქართველოში სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია აგრძელებს გამჭვირვალობის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე ფარულ ზეგავლენას. ძვირფასო კომისარო ო’ფლაჰერთი, ჩვენ ღია ვართ ინკლუზიური და არსებითი დისკუსიებისთვის, რა დროსაც შეგვეძლება არგუმენტებიდან ღირებული დასკვნების გამოტანა და არა უსაგნო იარლიყების სროლა. აგრეთვე, გარწმუნებთ, საკანონმდებლო პროცესი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვეულებრივი პროცედურით წარიმართება. უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ კანონის კონკრეტული შინაარსი საპარლამენტო დისკუსიების საფუძველზე გამოიკვეთოს. საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. იგი მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიულ ფუნდამენტს. აღნიშნული კანონპროექტი არათუ უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელია გამჭვირვალობის და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების პროცესების ღიაობის გაზრდისთვის“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში