საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არც ერთი და არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ - პრემიერი

17 აპრილი 2024, 17:02 528 ნახვა

მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არც ერთი და არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სინამდვილეში, კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

„ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს - ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტის შესაბამისი კანონები“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, შარშან იტყუებოდნენ, თითქოს ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე და სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.

„საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა, რომ იყო ეს იყო ტყუილი. ჩვენ ამოვიღეთ შვიდი ორგანზიაციის მონაცემები და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18 პროცენტი მათი ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯარობას, ამ თანხების ნული პროცენტია საჯარო. ასევე, მათი დიდი ნაწილი თავს იკავებს ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კიტხვა, როცა ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს, ამის საზოგადოებისთვის თქმა, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას, თუ საკუთარ კეთილსინდისიერაბაში ხარ დარწმუნებული. ამაზე პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართულები იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს.

პრემიერის თქმით, ქვეყანას რომ გაჭვირვალობის შესახებ კანონი ჰქონოდა, ამ „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება.

„კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართულები იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი, მაგალითად, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს.

მე მგონია, აქაც, რომ ყოფილიყო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ამ „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ, ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ, და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონორებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, 2020 და 2022 წლებში ენჯეოებს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაყალბდა ე.წ. პივიტი პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რამაც შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პრორუსული ძალები არიან პრაქტიკულად გამქრალი პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურობდა, ეს გახლავთ „ალტინფო“.

"მას აქვს დღეს ეგზისტენციალური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს რეალურად მივაღწიეთ, თუმცა ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბუნებრივია, დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყო გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სერიოზულ დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში