ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ვნახეთ ნული არგუმენტი, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი - პრემიერი

17 აპრილი 2024, 17:25 428 ნახვა

უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, არ შეიძლება დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა განცხადებები ცალმხრივად, არგუმენტების გარეშე აკეთონ.

"რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არც ერთი არგუმენტი არ იყო მოყვანილი, ვნახეთ შოლცის, სტოლტემბერგის განცხადება, დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს, არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, ნული არგუმენტი, გეუბნებიან, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ? - ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველას ვთავაზობ ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, როგორ გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები დისკუსიას საქართველოს პარლამენტში, სათქმელი არ ჰქონდათ არაფერი. რაც შეეხებათ უცხოელებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია. 

კობახიძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ითვალისწინებს, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე.

"35 წლის წინ ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან, დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგამნმტიკიცების ლოზუნგით, არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ რაში ხარჯავს ფულს. აბსურდი და პარადოქსია. ეს კანონი ითვალისწინებს, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე. საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი. მე მინდა, რომ ვიღაცამ აქ კიდევ ერთხელ სცადოს რევოლუციის მოწყობა საკუთარი გაუმჭვირვალე დაფინანსებით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ენჯეოებს“ არასდროს დაუგმიათ მოწოდებები მეორე ფრონტზე, მაშინ გამჭვირვალობის კანონს რომ ემოქმედა, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ამ „ენჯეოებს“ არასდროს დაუგმიათ, მაგალითად, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. უნდა დაეგმოთ, თუ მეორე ფრონტი არ შედიოდა მათ ინტერესებში. არცერთხელ დაუგმიათ არცერთი ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტად ქცევისკენ. დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ საკუთარ დონორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როცა არის დაფინანსება გაუმჭვირვალე, ძალიან დიდია ცდუნება „ენჯეოებში“, რომ მათ არასწორად წარმართონ საკუთარი საქმიანობა.

კობახიძის განმარტებით, წელს არის აუცილებელი ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე, სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც 2020-2022 წლებში ვიხილეთ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში